შინაარსზე გადასვლა

ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 15 იანვარი 1724
მმართ. დასასრული: 31 აგვისტო 1724
წინამორბედი: ისაბელ ფარნეზე
მემკვიდრე: ისაბელ ფარნეზე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 დეკემბერი 1709
დაბ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 16 ივნისი 1742 (32 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუის I, ესპანეთის მეფე
დინასტია: ბურბონები
მამა: ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი
დედა: ფრანსუაზ მარი დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი (ფრანგ. Louise Élisabeth d'Orléans, ესპ. Luisa Isabel de Orleans; დ. 11 დეკემბერი 1709, ვერსალი, საფრანგეთი - გ. 16 ივნისი 1742, პარიზი, საფრანგეთი) — ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი ცოლის, ფრანსუაზ მარი დე ბურბონის ქალიშვილი. ესპანეთის დედოფალი 1724 წლის იანვრიდან აგვისტომდე, როგორც ლუის I-ის მეუღლე.

მადმუაზელ დე მონტესპიერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზ ელიზაბეტი დაიბადა 1709 წლის 11 დეკემბერს ვერსალში. მამამისი იყო ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II, ხოლო დედა ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უკანონო ქალიშვილი ფრანსუაზ მარი დე ბურბონი. ვინაიდან იგი ბურბონთა დინასტიის განშტოების (ორლეანები) წარმომადგენელი იყო, ითვლებოდა საფრანგეთის პრინცესად.

იგი თავისი მშობლების მეოთხე გადარჩენილი ქალიშვილი იყო. ქორწინებამდე ლუიზ ელიზაბეტი ცნობილი იყო როგორც მადმუაზელ დე მონტესპიერი. იგი იზრდებოდა 1 ძმასთან და 5 დასთან ერთად. ვინაიდან იგი განიხილებოდა ვინმე გერმანელი ან იტალიელი გრაფის, ან ჰერცოგის მომავალ მეუღლედ, მის განათლებაზე დიდად არ უზრუნვიათ. მისი უმცროსი დის ლუიზ დიანას მსგავსად მასაც ცუდი განათლება ჰქონდა. ლუიზ ელიზაბეტი ძალიან ახლოს იყო თავის ძმასთან, შარტრის ჰერცოგ ლუისთან, რომელიც 1723 წელს მამის გარდაცვალების შემდგომ ორლეანის ჰერცოგი გახდა.

1715 წელს ლუი XIV გარდაიცვალა. ტახტზე მისი მცირეწლოვანი შვილთაშვილი ლუი XV ავიდა, რომლის რეგენტადაც ლუიზ ელიზაბეტის მამა, ფილიპ II დაინიშნა. ფაქტობრივად ფილიპი იყო საფრანგეთის დე ფაქტო მმართველი. 1718 წელს ფილიპმა ფრანკო-ესპანური ალიანსი კვლავ განაახლა. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ს საფრანგეთთან მშვიდობის დამყარება სურდა, რის გამოც მან 1720 წელს ორმაგი ქორწინება სთხოვა. ანუ, თავისი უფროსი ვაჟი, ინფანტი ლუისი უნდა დაქორწინებულიყო ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელზე, ხოლო ლუი XV ცოლად შეირთავდა ფილიპეს ქალიშვილს, ინფანტა მარიანა ვიქტორია ესპანელს.

ამ დროს ლუიზ ელიზაბეტი და მისი და, პრინცესა ფილიპინა ელიზაბეტი ერთად-ერთი გასათხოვარი პრინცესები იყვნენ. ლუიზ ელიზაბეტი და ესპანეთის ინფანტი ლუის ბურბონი 1721 წლის ნოემბერში დაქორწინდენ, მარიონეტული ქორწინებით, პარიზში. ლუიზ ელიზაბეტი და მისი უმცროსი და მადრიდში გაემგზავრნენ. ესპანეთის სამეფო კარზე ისინი ძალიან ცივად მიიღეს. განსაკუთრებით დიდი უარყოფა მოჰყვა დედოფლის, ისაბელ ფარნეზეს მხრიდან, რომელიც ინფანტი ლუისის დედინაცვალი იყო. 1722 წლის 20 იანვარს ლუისი და ლუიზ ელიზაბეტი დაქორწინდნენ. მას მზითვებში 4 მილიონი ლივრი გააყოლეს.

მალევე დაიწყო ფილიპინა ელიზაბეტის და ესპანეთის ტახტის მეორე მემკვიდრის, ინფანტი კარლის ქორწინების მოლაპარაკებები. თუმცა ეს ქორწინება არასდროს შემდგარა. მალევე ფილიპინა საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც 19 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ესპანეთის ტახტის მემკვიდრის ცოლი, ლუიზ ელიზაბეტი ასტურიის პრინცესის ტიტულს ატარებდა.

ესპანეთის დედოფალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლუიზ ელიზაბეტის გერბი

1724 წლის 15 იანვარს, ემოციურად არასტაბილური ფილიპე V ტახტიდან გადადგა თავისი შვილის, ლუის I-ის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე ლუიზ ელიზაბეტი ესპანეთის დედოფალი გახდა. მათი მმართველობა შესაძლოა ითქვას, რომ ესპანეთის ისტორიაში ყველაზე მცირეხნიანი იყო. ლუისი ტახტზე სულ შვიდი თვე იყო, რის შემდეგაც განუკურნებელი სენით გარდაიცვალა და ტახტზე კვლავ ფილიპე V ავიდა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შვილი არ ჰყავდათ. მარტოხელა, თინეიჯერი ქვრივი ჯერ მადრიდში რჩებოდა. თუმცა ესპანეთში მას დიდი საფრთხე ელოდა, რის გამოც მან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი გამუდმებით ფიქრობდა საფრანგეთში დაბრუნებაზე, ვინაიდან ესპანეთში ისაბელ ფარნეზესგან მას დიდი საფრთხე ემუქრებოდა. ეს რომ ორლეანის ქვრივმა ჰერცოგინიამ ანუ ლუიზ ელიზაბეტის დედამ, ფრანსუაზ მარი ბურბონმა შეიტყო ქალიშვილს საფრანგეთში დაბრუნება და მშვიდობიანი ცხოვრება შესთავაზა. იგი მალევე ჩავიდა საფრანგეთში და ლუი XV-ისგან მას, როგორც ესპანეთის მეფის ქვრივს ყოველწლიური პენსია დაენიშნა 600 000 ლივრის ოდენობით. წესით ეს თანხა ესპანელებს უნდა გადაეხადათ, მაგრამ მათ ამაზე უარი თქვეს, ვინაიდან მას არც შვილი გაუჩენია და აღარც ესპანეთში ცხოვრობდა. ამან აღაშფოთა მისი უფროსი და, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგინია შარლოტ ორლეანელი, რომელმაც ლუიზ ელიზაბეტს ჰერცოგინიის წოდება მიანიჭა.

რამდენიმე წელიწადში, ლუიზ ელიზაბეტი ვერსალიდან პარიზში გადასახლდა, სადაც ლუქსემბურგის სასახლეში დაბინავდა. იგი გარდაიცვალა 1742 წლის 16 ივნისს 32 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს პარიზში, ლუქსემბურგის სასახლესთან ახლოს.

  • Nouvelle biographie générale.
  • Réimpression de l'ancien Moniteur seule histoire authentique et inaltérée.
  • Pimodan (comte de), Louise-Élisabeth d'Orléans, reine d'Espagne 1709-1742, 393 p., Plon, Paris, 1928.
ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი
დაიბადა: 11 დეკემბერი 1709 გარდაიცვალა: 16 ივნისი 1742
წინამორბედი:
ისაბელ ფარნეზე
ესპანეთის დედოფალი
1724
შემდეგი:
ისაბელ ფარნეზე